რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს

უკრაინულმა მედიამ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს. სანქციები სია 14 პუნქტისგან შედგება. სანქციების შესახებ დეტალები განთავსებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე.

კერძოდ, Georgian Airways-ს ჩამოერთვა ფინანსური და იურიდიული პირების აქტივებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება; რესურსების ტრანზიტი - ფრენა, ტვირთის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიის გავლით. აიკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენება; კაპიტალის გატანა უკრაინიდან; შეჩერდა ეკონომიკური და ფიზიკური ვალდებულებების შესრულება.

ასევე, Georgian Airways-ს შეეხება ყველა არსებული ლიცენზიის ანდა ნებართვის შეჩერება თუ ანულირება, რომელთა მიღება (ქონა) კომპანიას „გარკვეული სახის საქმიანობის“ საშუალებას და კერძოდ - წიაღირსეულით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

აკრძალვა შეეხება პრივატიზაციას, საქონლისა და სერვისების საჯარო შესყიდვებსაც, სახელმწიფო ქონების იჯარით აღებას, ფასიანი ქაღალდების მოხმარებას; მოქმედება შეაჩერა ყველა შესაძლო სავაჭრო ხელშეკრულებამ, ერთობლივმა პროქტმა, სამრეწველო პროგრამამ - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. აიკრძალა წვდომა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.


უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური სანქციები დაუწესდა თამაზ გაიაშვილსაც.

უკრაინის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, აკრძალვა შეეხო, აქტივებზე წვდომას, სავაჭრო ოპერაციებს, ფასიან ქაღალდებს; ლიცენზიებს, რესურსების ტრანზიტს, ფრენების შესრულებას, ერთობლივი პროექტების ნებართვებს და სხვა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები პირველ ივლისს დაუწესდა.

ზელენსკიმ სანქციები 300-მდე კომპანიის წინააღმდეგ დააწესა. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთთან და მის მიერ წარმოებულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ. თითქმის ყველა მათგანი რუსული კომპანიაა, მათ შორის Energia Rocket და რუსეთის უდიდესი კოსმოსური ინდუსტრიის კომპანია, Space Corporation-ი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული წინადადებების მიხედვით, სანქციები 10 წლით გაგრძელდება.