საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო.
The Guardian-ის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა.
პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში.
ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.