კიევში ვიზიტით მყოფი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფაზე ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ დაფინანსება მსოფლიო ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით განხორციელდება.
„დღეს ესპანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 55 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, მათ შორის 51 მლნ ევრო მსოფლიო ბანკის ჯგუფის და 4 მლნ ევრო გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით", - განაცხადა პედრო სანჩესმა.
ასევე უახლოეს მომავალში ესპანეთი უკრაინას 4 ტანკ Leopard-ს, ჯავშანტრანსპორტიორებს და მობილურ საველე ჰოსპიტალს გადასცემს.