ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს. ასე გამოეხმაურა ზელენსკი უკრაინის მიერ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას. ამ პაკეტში „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილიც მოხვდნენ.

„დღეს გამოქვეყნდა უკრაინის სანქციების კიდევ ერთი პაკეტი იმ პირების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება.

სანქციები მივიღეთ 300 კომპანიისა და 200 ინდივიდუალური პირის წინააღმდეგ, მათ შორის არ არიან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები. მსოფლიოში ყველა, ვინც დაეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 


ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“.