რომის პაპის წარმომადგენლის, კარდინალ მატეო ზუპის მისია მოსკოვში ორიენტირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არ მოიცავდა სამშვიდობო გეგმის განხილვას. ამის შესახებ Reuters-ი მატეო ზუპის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
ზუპი ამ კვირაში მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მრჩეველს, იური უშაკოვს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს. ივნისის დასაწყისში ის ასევე ეწვია კიევს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.
„ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჰუმანიტარული ასპექტების თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ. არ არსებობს სამშვიდობო გეგმა და შუამავლობა“, – განაცხადა მატეო ზუპიმ სახელმწიფო მაუწყებელ RAI-სთან.
ვატიკანის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვიზიტი „მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ინიციატივების იდენტიფიცირებას, რამაც შეიძლება გახსნას გზა მშვიდობისკენ“.
Reuters-ის თანახმად, რომის პაპმა ფრანცისკემ მაისში სთხოვა მატეო ზუპის, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, შეესრულებინა სამშვიდობო მისია, რათა დახმარებოდა უკრაინაში ომის დასრულებაში.