ვიდრე ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და ვიდრე ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

  • კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, მშვიდობა დამყარდეს ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება“. 

ზელენსკის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი. მისი თქმით, პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი უბრალოდ იშლება.

„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას, ის სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ ღრმად შესვლა რუსეთში და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.