საქართველოს მიერ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების გამო, ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედგაცრუებას გამოხატავს

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს თანახმად, საქართველომ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადადების შესახებ განაცხადა, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს.

განცხადების თანახმად, ბაზრის გახსნა რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა. 

„სამდივნო და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საქართველოს ეხმარებოდნენ. თუმცა, „ეს უკანასკნელი გადადება, რომელიც ბოლოა წინა გადადებების სერიაში, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე“, – განაცხადა სამდივნომ.


ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და იმედგაცრუება გამოხატა. წარმომადგენლობა იზიარებს ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს განცხადებას, რომ ორგანიზებული ბაზრის გახსნა მიზნად ისახავდა კონკურენციის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების სტიმულირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესაძლებლობების გაძლიერებას.


შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 29 ივნისს მიიღო, რომლის თანახმად, 2023 წლის პირველ ივლისს დაგეგმილი გახსნა 2024 წლის ანალოგიური პერიოდისთვის გადადო.

„ეს სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ, რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ. გვექნება ამაზე კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.

ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მეორე მხრივ კი, არ გვინდა, გარკვეული რისკები გავზარდოთ ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემშლელი იქნება, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისეთ დარგებს უკავშირდება, როგორებიცაა, მეტალურგიას, ფეროშენადნობები და ა.შ.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 29 ივნისს.


ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირს და მის მეზობლებს აერთიანებს, რათა შექმნან ინტეგრირებული პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზარი. ორგანიზაცია 2005 წლის ოქტომბერში, ათენში დაარსდა.