უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, - წერს ანდრი ერმაკი Twitter-ზე.
კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩაერთო. ის პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესზე.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.