მოსკოვთან, სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის ფონზე, ვნუკოვოს აეროპორტი დახურული იყო

მოსკოვის ოლქის დაბა კუბინკაში მდებარე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებკრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან.

სამხედრო ობიექტი დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარე კუბინკაში საავიაციო ბაზა და საჰაერო-სადესანტო ძალებს ბრიგადაა განთავსებული.

„რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დრონები გაანადგურეს დასახლება ვალუევოს მინდორში, რის შედეგადაც „არავინ დაშავებულა“. ვალუევო მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებშია 2012 წლიდან. რუსეთის დედაქალაქისთვის ამ პერიოდიდან შეერთებულ ტერიტორიებს „ახალ მოსკოვს" უწოდებენ.

ტელეგრამ-არხის, 112-ის ცნობით, გამთენიისას, დრონით დარტყმა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელდა.


დღეს დილიდან არ მუშაობდა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. რუსულ სააგენტო „ტასს“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თვითმფრინავების მიღება-გაშვება 05:10 საათიდან შეზღუდეს „აეროპორტისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო“. მიზეზი არ დააკონკრეტეს.

მოსკოვის დროით დილის 9 საათისთვის, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

მოსკოვი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევაში ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს, რასაც უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს.