კობახიძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია

სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

საუბარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.

„უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი.

შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს.

თუმცა, ამაზე ღრმად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.