რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ტონი რადაკინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა, მათ შორის ტანკების დანაკარგმა დაახლოებით 2.5 ათასი ერთეული შეადგინა. ამასთან, მისი თქმით, უსამართლობაა უკრაინის კონტრშეტევისთვის კონკრეტული ვადების დაწესება და რომ კონტრშეტევა არის ზომების ერთობლიობა.

„რუსეთმა დაკარგა თავისი არმიის საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. შარშან მან 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მან დაკარგა 2 500 ტანკი, საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 200 ახალი ტანკის წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ტონი რადაკინმა.

რადაკინის თქმით, რუსეთის მიერ დანაღმულმა ველებმა, უკრაინული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის ნაკლებობამ და იმ სამხედრო აღჭურვილობის არასაკმარისად მიწოდებამ, რომელსაც კიევი ითხოვდა, კონტრშეტევა გაართულა.