რუსეთის ჯარები თავდაცვის ძალების უკან დახევას წარუმატებლად ცდილობენ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანხმად, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.“

გენშტაბი აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკის, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„ლიმანის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა, ავიაციის მხარდაჭერით, ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით ჩვენი ჯარების მათი პოზიციებიდან განდევნა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.


უწყების თანახმად, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს.

„დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან ახლოს, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევის შეკავებას. მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.