უკრაინის დაზვერვა პრიგოჟინის ადგილსამყოფელზე საუბრობს

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ვარაუდობს, რომ "ვაგნერის" ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში ჩადის, მაგრამ არ გამოიყენებს ამ ქვეყანას "ვაგნერის" მუდმივი ბაზისთვის. შესაბამისი განცხადება ანდრეი იუსოვმა ეროვნული ტელემარათონის დროს გააკეთა.

„აშკარაა, რომ პრიგოჟინი ბელორუსში იქნება. ნაადრევია იმის თქმა, რომ "ვაგნერის" მთელი პერსონალი, ძალები გადავიდნენ ბელორუსში. უფრო მეტად, ეს არის საინფორმაციო აქტივობები, რათა აჩვენონ შესაბამისობა იმ შეთანხმებებთან, რომლებიც ბოლო დროს გამოცხადდა. ღონისძიებები, მსვლელობები და არეულობები“, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.


კითხვას, თუ რატომ აირჩია "ვაგნერის" ლიდერმა ბელორუსი, მან უპასუხა:

„ბევრი ვარიანტი არ არის დარჩენილი. მაგალითად, გერმანია ან საფრანგეთი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდნენ მის მიღებას, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა დემოკრატიული მთავრობებით. "ვაგნერი" ალბათ, თავად არ დათანხმდება ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას, შესაბამისად, ბევრი ვარიანტი არ რჩება“.