რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.


„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ლაშა ხეთერელი, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს რამდენზე ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული, ცხინვალის ციხიდან ბოლოს მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. 

ოკუპირებული ცხივნალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე.


ეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.