ალიევი: საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია. 

ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი.

საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი. ბაქოს შეფასებით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის გამონათქვამები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც „ცალმხრივად იცავდა“ სომხეთს და არ ასახავდა სიმართლეს.