აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით გაერო, არ ამართლებს კაცობრიობის მოლოდინებს. ალიევის შეფასებით, გაერო სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს.
„ჩვენ მომხრე ვართ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების, რათა ის უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მოხარული ვარ, რომ დღეს მსოფლიოში მზარდი კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალიევმა ბაქოში მიუმხრობლობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი მუდმივი ადგილი უნდა მიენიჭოს მიუმხრობლობის მოძრაობას.
მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ. Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია, არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია 1955 წელს და იოსიპ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს.
ცნობისთვის, გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში არაერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება.