ერმაკი: არ არსებობს იმის გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში

არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა გააკეთა.

ერმაკის თქმით, წუხელ რუსეთმა ლვოვში საცხოვრებელ კორპუსს სარაკეტო დარტყმა მიაყენა, რაც „მორიგი ტრაგედია და ტერორისტული აქტია“.

„რუსეთი აწარმოებს რაკეტებს, იყენებს დასავლურ კომპონენტებს, გვერდს უვლის სანქციებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება,“ -  აღნიშნა ერმაკმა.


მისი თქმით, უკრაინას იმაზე მეტი საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა სჭირდება, ვიდრე ახლა აქვს.

ერმაკის თქმით, NATO-ში გაწევრიანება იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი მრავალი წლის განმავლობაში.“

„ამის გარეშე, რუსეთის რეჟიმი, თუ ის შეინარჩუნებს მთლიანობას, შეძლებს, გააგრძელოს საჰაერო ტერორი.“ „არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინის ტერორის დროს, არცერთი რუსული რაკეტა არ მოხვდება შემთხვევით მეზობელ ქვეყნებში. NATO პუტინის შიშის გარანტიაა. ისინი მშიშრები არიან, რასაც ფინეთი ამტკიცებს. აუცილებელია ამ ყველაფრის საბოლოოდ შეჩერება“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „შეცვლის ევროპის ისტორიას და შეინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის გაძლიერებით.“