უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს.
„ამჟამად, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელიც ახორციელებს ამდენ რეფორმას მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში. უკრაინის ფუნდამენტური შიდა გარდაქმნები აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლენკომ.
ნიკოლენკოს მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთი რეფორმა დაუმთავრებელი რჩება. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთის როლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება.
„როგორც კი ჩვენი პარტნიორები მოსკოვში უკან გაუხედავად განიხილავენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხს, ცხადი გახდება, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის ამ ეტაპზე მიწვევა შეესაბამება მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინასა და ზოგადად ევროპაში მშვიდობის აღსადგენად და მომავალში რუსული აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. ამასთან, მან მოიყვანა ჯო ბაიდენის განცხადება, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც NATO-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, ვიდრე ისინი ალიანსს შეუერთდნენ.