6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა 45 დამცველი.
„დღეს კარგი ინფორმაციაც გვაქვს. ჩვენ შევძელით ტყვეობიდან დაგვებრუნებინა შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის 45 მებრძოლი და ორი სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები და ასევე დაჭრილი სამხედროები“, - წერს ერმაკი ტელეგრამ არხზე.
ირკვევა, რომ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან თანამშრომლობით, შტაბმა ასევე მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დეპორტირებული კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება. მათი დედა, სამხედრო მედიკოსი, რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.
სამთავრობო პორტალის Children of War-ის ცნობით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 19 493 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან ძალის გამოყენებით გადაასახლა.
სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 2022 წლის 11 მარტიდან რუსეთთან 47 ტყვეთა გაცვლა უზრუნველყო. ამ დროის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 2576 ადამიანი გათავისუფლდა.