ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

„ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები.


ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო. რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი. რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა.

[სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის] მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

„დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს. მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის [მოწამვლას ჰქონდეს ადგილი] იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


როგორც დეკანოზი ამბობს, შესაძლებლობა, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლა გარედან ყოფილიყო განხორციელებული, არსებობს.

„ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ უკვე მეორე, მისი ფიზიკური განადგურების ეტაპი დადგეს.

ზოგადად, ეს ეტაპი არის. პირველი ეტაპი ცხადი იყო, ყველა ვხედავდით. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია ეს ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის. რაც შეეხება გარედან ჩარევას, არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს.