ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, უკრაინას თავდაცვის მე-17 პაკეტი დამტკიცა, რომელიც სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს ათწლეულების განმავლობაში, რის გამოც უკრაინის მხარდაჭერა ფინეთის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ფინეთის მიერ დღემდე წარდგენილი ყველა თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფინეთი 4 აპრილიდან NATO-ს წევრია.