ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ცნობილია, ზელენსკი სოფიაში ვიზიტით იმყოფება.

ასევე ვიზიტის ფარგლებში, უკრაინისა და ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.


ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია.

15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.

პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.

„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.