6 ივლისს, ტელეკომპანია NBC News-მა ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ რუს პირებთან. აპრილში კი, ნიუ-იორკში შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც. წყაროთა თანახმად, მიზანი იყო უკრაინაში ომის შესაწყვეტად მომავალი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის ჩაყრა.
კერძოდ, ლავროვს შეხვდნენ ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი და ტომას გრემი, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.
NBC News-ის წყაროთა თანახმად, ლავროვთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო მომავალი რუსეთის მიერ დაკავებული იმ ტერიტორიების, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა, ვერ გაათავისუფლოს და ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური გადაწყვეტილებები.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ NBC News-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ინფორმირებული იყო ამ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც მის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი არ ყოფილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მინისტრ ლავროვთან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საიდუმლო მოლაპარაკებას „დეზინფორმაცია და დასავლეთის მედიაში გაშვებული ფეიკი“ უწოდა.
კირბის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია - უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. აშშ-ის ადმინისტრაციის ეს ოფიციალური პოზიცია სააგენტო Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაუდასტურეს.