რუსული მედიის ცნობით, სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პრომსინტენზის„ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 7 ივლისს, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტომ ინციდენტის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს ტექნიკის დემონტაჟი დაასახელა.


რუსული Telegram არხი „ბაზა„ იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა მილზე, რომელიც შენობას აზოტით ამარაგებს.

Promsintez-ის ქარხანა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთში.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხანძრებისა და სხვა ინციდენტების შესახებ მრავალი ცნობა გავრცელდა.

4 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ყოფილი ავეჯის ქარხნის საწყობში ხანძრის შესახებ.