NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის წინ Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს და მისი წევრობის პერსპექტივას ეხებოდა.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ განვაცხადეთ არამხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ, აღვნიშნეთ ისიც, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. საქართველო უკვე არის NATO-ს უახლოესი (incredibly) პარტნიორი.

საქართველო მონაწილეობდა NATO-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა.