პორტუგალია 23-ე ქვეყანაა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა

პორტუგალია ხდება 23-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. ამასთანავე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ შაბათს სატელეფონო საუბრისას გაამახვილეს ყურადღება.

მისი განმარტებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას NATO-ში მომავალი გაწევრიანების გზაზე, ამასთან, მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს ალიანსის წევრი, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემს. 

„უკრაინა და პორტუგალიის რესპუბლიკა მოუთმენლად ელიან, რომ ყველა ამ საკითხს NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში განიხილავენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში.


NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. 

ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.