„თუ რუსეთი არის მთავარი საფრთხე NATO-სთვის, მე მაქვს მარტივი შეკითხვა ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან. თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს რუსულ არმიასთან დაპირისპირების თანამედროვე, ეფექტიანი, წარმატებული გამოცდილება, სხვა რა არგუმენტები გჭირდებათ უკრაინის ალიანსში მისაწვევად?“ ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა დე ფაქტო წევრია და დე იურე გახდება NATO-ს ქვეყანა."
უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში გააკეთა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წელი გავიდა. Washington Post-ის ცნობით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა წევრობის მკაფიო გზას, ზოგი კი, ყოყმანობს. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“
ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.
NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.