კულება: ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია.

უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს.


„უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - დაწერა კულებამ.

კულებამ პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.

„NATO-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.