საფრანგეთის რესპუბლიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ RFI-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება მზადდება, რათა მუდმივად გავითვალისწინოთ უკრაინის მიერ გამოხატული ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები“, - განუცხადა მედიას კოლონამ.
კოლონამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი დაცვა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში, შევასრულოთ ეს ვალდებულება,“ - აღნიშნა კოლონამ.
რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს NATO-ში გაწევრიანებამდე, კოლონამ აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე მოელის, რომ ვილნიუსის სამიტი „უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსის მხარდაჭერის კონსოლიდაციას და მის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას კონკრეტულ მნიშვნელობას მისცემს“.
კოლონას თქმით, საფრანგეთი მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, რათა განსაზღვროს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეიძლება, უკრაინას მიეცეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.
„ამ გარანტიებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მათი მიზანი იქნება ძალიან ნათელი: „მოკლევადიან პერიოდში უკრაინის უზრუნველყოფა თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებით.“