ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-NATO საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელიც 12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ვილნიუსში სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის​ (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით.