ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ, როცა პირველი იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ². შესაბამისად, უკრაინელებმა ხუთ კვირაში გაათავისუფლეს თითქმის იმდენივე, რამდენიც რუსებმა დაიპყრეს ექვსი თვის განმავლობაში.
უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე განაგრძობენ. მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ. ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე.
ISW კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების მიერ საჯაროდ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის მიერ ბახმუტის შენარჩუნებას, თუმცა, ქალაქის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.