რუსეთში მიაჩნიათ, რომ თურქეთი თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ თურქეთი, მთელი რიგი „პროვოკაციული გადაწყვეტილებების“ შემდეგ, თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება.

„სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი თანდათან და სტაბილურად აგრძელებს ნეიტრალური ქვეყნიდან არამეგობარ ქვეყნად გადაქცევას“, - აღნიშნა ბონდარევმა.

ბონდარევის თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა „აზოვის“ მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას.

„თურქეთის ხელისუფლებამ კიევს გადასცა „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქეთში შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე (ეს იყო შეთანხმების ქვაკუთხედი) - თურქეთმა შეგნებულად უგულებელყო ეს, გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას NATO-ში და უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობას“, - განაცხადა ბონდარევმა.