უკრაინის დაზვერვა რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება. უკრაინის დაზვერვა მას მოიხსენიებს სერგეი რჟიცკად, რუსული სააგენტოების ცნობით, კი მოკლულის სახელი სტანისლავია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ ერთ-ერთია პროექტ „ვარშავიანკის“ 6 გემიდან. აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“. უკრაინული მედიის ცნობით, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობდა.

უკრაინის დაზვერვა მისი პასუხისმგებლობის შესახებ არაფერს წერს, თუმცა აცხადებს, რომ რჟიცკის 10 ივლისს, დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ქალაქ კრასნოდარის პარკში გარბენისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა.


უკრაინის დაზვერვის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო პარკში ხალხი არ იმყოფებოდა, ამიტომ, მკვლელობას მოწმეები არ ჰყავს. რუსული სააგენტოები ადასტურებენ, რომ 10 ივლისს მოკლული მე-2 რანგის კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი წყალქვეშა ნავის მეთაური იყო, ბოლო დროს კი, კრასნოდარის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.