NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.
მოკავშირეები ასევე მიუთითებენ საკვანძო რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.