რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება

NATO-ს ქვეყნებმა 11 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე მირებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“ - ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება გააკრიტიკა. კიევი მკაფიო გზავნილს ითხოვდა, მის უკმაყოფილებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ფორმულირება იწვევდა.

ზელენსკი აბსურდს უწოდებდა იმას, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების და არც მოწვევის კონკრეტული დრო განსაზღვრული არ არის.

„ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, - აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი.


კომუნიკეში NATO-მ ხაზი გაუსვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად წინსვლის აუცილებლობას, მაგრამ ვადები შედგენილი არ იქნება.

მანამდე ზელენსკიმ მიუთითა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის NATO-ში მიწვევის ან გაწევრიანების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ახლა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება, სადაც სამიტი მიმდინარეობს.

კიევი აღიარებს, რომ მას არ შეუძლია შეუერთდეს NATO-ს, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, ამ ნაწილში NATO-ს და კიევის პოზიციები თანხვედრაშია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ ალიანსს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე, ომის დასრულების შემდეგ. 

სამშაბათს NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გახდება NATO-ს წევრი.


ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესამდე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

კითხვას, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ დასახელებულა.

„NATO-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.