რეზნიკოვი: საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის დახმარებას $187 მილიონით გაზრდის

საფრანგეთი კიდევ 170 მილიონ ევროს (დაახლოებით 187 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. 

თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე გაამარტივებს უკრაინაში იარაღის შესყიდვისა და მიწოდების პროცესს.

გადაწყვეტილება ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე რეზნიკოვისა და სებასტიან ლეკორნუს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. 

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ პარიზი უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. მოგვიანებით, ფრანგული მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ დახმარების ნაწილი უკრაინას უკვე მიეწოდა. NATO-ს მოკავშირეები ლიეტუვის დედაქალაქში ორდღიან სამიტზე შეხვდნენ.