ზელენსკიმ ბახმუტიდან ვილნიუსში უკრაინის დროშა ჩაიტანა

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის, ვილნიუსში ჩავიდა, ამბობს, რომ ლიეტუვის ქუჩებში მოფრიალე უკრაინის დროშები უკვე მნიშვნელოვან ფაქტორებზე მიუთითებს. მან ბახმუტიდან ვილნიუსში ჩაიტანა უკრაინის დროშა, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში აღმართეს.

ზელენსკის თქმით, ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლაა თავისუფლებისთვის ევროპაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვას გაბედული პოზიციისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„აქ, ვილნიუსში, ჩვენ ვხედავთ ევროპის პროგრესს. აქ ხალხმა იცის რა არის უსაფრთხოება და როგორ მიაღწიოს მას. და მათ იციან, რომ უსაფრთხოება ნიშნავს უკრაინასთან ერთად ყოფნას. გმადლობთ ჩვენი თავდაცვის საქმეში დახმარებისთვის და თქვენი მკაფიო, გულწრფელი და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის NATO-ში მოწვევის თაობაზე.

უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე, თქვენს თავისუფლებას! არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ვილნიუსში NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქ იმ NATO-ს რწმენით მივიდა, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. 

„დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი NATO-ს რწმენით მოვდიოდი. NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა NATO-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.