ზელენსკი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს გამოქვეყნების შემდეგ: ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში, ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია

უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ეს მისი პირველი პოსტია მას შემდეგ, რაც ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა.

„ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში. ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი - ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ნიდერლანდელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვალისთვის ასევე დაგეგმილია უკრაინა-NATO-ს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა.

ვილნიუსის ორდღიანი სამიტი ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.