საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მისივე თანახმად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.
„ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს NATO-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას.
ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.
საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.“
ქართული მხარე „მიესალმება, NATO-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.“
„შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
საქართველო მიესალმება NATO-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.
ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში.
„საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებით და როგორც ასპირანტი ქვეყანა უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში.