პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას შეფასებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის.
დუდას თქმით, NATO-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა ალიანს გააძლიერებს და ასევე, პოლონეთის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.
„უკრაინა NATO-ს ბრძოლაში გამოცდილ ჯარს დაახვედრებს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ბუფერულ ზონას, რომელიც პოლონეთს და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცავს”, - განაცხადა ანდჯეი დუდამ.