ჯო ბაიდენი: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რაც ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დეკლარაცია არის ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა.

ბაიდენის თქმით, ამ დეკლარაციის წარდგენით იწყება პროცესი, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს დოკუმენტს, დაიწყებენ მოლაპარაკებას უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებების თაობაზე.


„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა.


ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას.

მისი შეფასებით, „ძალიან ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იფიქრებდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე.

„მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც.

დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ბაიდენმა.


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა.

„დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.”

დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ.

„დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.