ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრას კარგი და ძლიერი უწოდა. 

მისივე თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ისეთი შინაარსიანი გამოვიდა, როგორც საჭირო იყო.

„რომ არა პროტოკოლი, ჩვენ კიდევ უფრო დიდხანს ვილაპარაკებდით. ყველა თემა. გრძელვადიანი მხარდაჭერა. იარაღი. პოლიტიკა. NATO. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.


ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ მხარეები უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას განიხილავდნენ.

The New York Times-ის ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის სისტემის მიწოდებას, რაზეც დასავლური მედია ადრეც წერდა.

სამიტის დროს საფრანგეთმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდის SCALP-ს ტიპის რაკეტებს, რომლებსაც 250 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ფრანგული იარაღის სისტემა ბრიტანული Storm Shadow-ის მსგავსია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2023 წლის მაისში გადასცა.