El Pais: ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს უკრაინული ჯარების მომზადების მიზნით შექმნილი ევროპული მისიის გაფართოება სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირს ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე „გადატანა“ სურს მაშინ, როცა ამის საშუალებას „გარემოებები მისცემს“.

ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) გეგმავს, გაზარდოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და წევრი ქვეყნების მიერ მოწინავე იარაღის სისტემების თანადაფინანსებისკენ მიმართული ძალისხმევა.


„ამრიგად, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრ ქვეყნებს სთავაზობს, გაზარდონ სახსრები კიევისთვის მოიერიშეებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების შესაძენად“, - ნათქვამია ევროპის საგარეო სამსახურის შიდა დოკუმენტში, რომელიც El Pais-სთვის გახდა ხელმისაწვდომი.