კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
მისივე თანახმად, გასულ ღამით, დრონის ჩამოვარდნის და დეტონაციის შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები არ დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. მანამდე, ქალაქ კურჩატოვში აფეთქების შესახებ სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებოდნენ.
დრონებით შეტევის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც იუწყება. მის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ (13 ივლისს), საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინა და გაანადგურა 3 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვთან კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
რუსეთში დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია, რაშიც რუსეთი კიევს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა ოფიციალურად ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.