რუსეთმა ბელორუსიდან თითქმის ყველა სამხედრო გაიყვანა - უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური

რუსულმა ძალებმა რამდენიმე თვის წინ ბელორუსიდან საკუთარი ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყეს და ამ დროისთვის, როტაციის ფარგლებში, თითქმის ყველა სამხედრო გაყვანილია.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრი დემჩენკომ განაცხადა.

„საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შემცირდა იმ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე, ბელორუსის პოლიგონებზე და ჩართულნი იყვნენ წვრთნებში. ამ მომენტისთვის მორიგი როტაცია განხორციელდა და თითქმის ყველა რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიიდან გაყვანილია“, - განაცხადა დემჩენკომ.


ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შენაერთები ბელორუსის ტერიტორიაზე კვლავ შეიყვანონ და მომავალში ქვეყანა რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გამოიყენონ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი მოძრაობები არ დაფიქსირებულა.

„ბელორუსის საზღვართან სიტუაცია სრულად კონტროლდება. საზღვრის მეორე მხარეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მტერს ჰყავს დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე მეორე შეჭრა განახორციელოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - აღნიშნა დემჩენკომ.