უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, უკრაინისთვის გამარჯვებით დასრულდება.
„ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ.
„ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ NATO-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა დანილოვმა.