უკრაინაში სამხედრო დამნაშავედ რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქეა ცნობილი. გამამტყუნებელი განაჩენი მათ სასამართლომ გამოუტანა უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ენდრეი კოსტინმა განაცხადა.
კოსტინის ინფორმაციით, ამავე ბრალდებით გამოძიება დასრულებულია 219 პირთან დაკავშირებით და მათი საქმე გადაცემულია სასამართლოებში.
კოსტინი ასევე აცხადებს, რომ დადგენილია 368 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ცოტაა. როდესაც მე ვლაპარაკობ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ უკვირთ და ამბობენ: დაუჯერებელია, რომ ომის დროს თქვენ ამ დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენთ. ჩვენი მხრიდან, ვპასუხობთ: დიახ, ჩვენ თქვენი დახმარებით ვაფიქსირებთ ამ დანაშაულებებს და ამასთანავე, ვიძიებთ, საქმეებს გადავცემთ სასამართლოს და ვიღებთ განაჩენებს. იმიტომ, რომ ადამიანები ვერ დაელოდებიან სამართალს გაურკვეველი დროით“, - ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი.
როგორც კოსტინი აცხადებს, გადაწყვეტილებების უმეტესობა დაუსწრებლადაა გამოტანილი, თუმცა დაზარალებულთათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აგრესორის დანაშაული დადასტურებულია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან (24 თებერვალი, 2022 წელი) დღემდე აღრიცხულია 95 ათასზე მეტი ომის დანაშაული.