UNICEF-ს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რითაც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

„ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას“, - განაცხადა იესპერ მოლერმა.

იესპერ მოლერი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში და გაეროს სხვა სააგენტოებში, როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე.


მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. გაეროს ბავშვთა ფონდამდე ის მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოფლად მცხოვრები დაუცველი ქალების ეკონომიკური განვითარების კვლევის მიმართულებით.

იესპერ მოლერი არის დანიის მოქალაქე და აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფოკუსით განვითარების ეკონომიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე.

„ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება", - განაცხადა იესპერ მოლერმა.

იესპერ მოლერმა ღასან ხალილი შეცვალა.