მედიის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მთავრობა კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ქერჩის სრუტეზე გამავალ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

რუსული მედიის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. რუსეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაიღუპა ბელგოროდელი ცოლ-ქმარი და დაშავდა მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი. ოჯახი ავტომობილით მოძრაობდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ხიდის საყრდენების დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, „ყირიმის რესპუბლიკის მხრიდან დაზიანებულია საგზაო ვაკისი.“


ამასთან, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ „საგანგებო შემთხვევა" მოხდა არა ყირიმის, არამედ „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში". საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. 2 ადამიანის დაღუპვას და ერთის დაშავებას რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს, კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანენ.


ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.