ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა. ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფანმა“, უზბეკები მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს.

„მიმდინარე წლებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა. დღეს ვიზიტით საქართველოში იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დიდი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობით. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ.

მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, ეს იქნება ტექსტილის წარმოება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების შექმნა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ ორ ქვეყანას შორის, უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საერთოდ, მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი დინებებია, ტურისტული, უზბეკეთის მხრიდან.


მისასალმებელია, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, ესეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საპასუხო ვიზიტი. შარშან, როგორც იცით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში.

იქვე გაიმართა წინასწარი შეთანხმებები ეკონომიკური ბლოკის მიმართებაში, პოლიტიკური ბლოკის მიმართებაში და დღეს დღეისობით, ბატონი არიპოვი საქართველოში იმყოფება საპასუხო ვიზიტით. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დიდ ძვრას გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაში,“- განაცხადა ზურა აბდუშელიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.


ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.